დავით კაჭარავა: ის ყველაფერი, რაზეც ამერიკელები საუბრობენ, არის უმნიშვნელოვანესი თუნდაც კრიზისიდან ევროკავშირის გამოსვლისთვის – ეს არის პროცესი, რომელიც აუცილებლად ჩვენამდეც მოვა
ის ყველაფერი, რაზეც ამერიკელები საუბრობენ, არის უმნიშვნელოვანესი თუნდაც ევროკავშირის კრიზისიდან გამოსვლისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც აუცილებლად ჩვენამდეც მოვა. ასევე ცვლილებებს შეიტანს ევროკავშირში და ადრე თუ გვიან ეს პოზიციები, რომელიც ევროკავშირს აქვს თუნდაც ჩვენთან მიმართებაში შეიცვლება, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის დეპუტატმა და პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ აშშ-ის მიერ ევროპის მიმართ გზავნილებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ფასეულობათა კრიზისზე, რომელზეც დღეს შეერთებული შტატებიდან საუბრობენ, „ხალხის ძალამ“ რამდენიმე წლის წინ დაიწყო საუბარი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს შეერთებული შტატების პირველი პირები საუბრობენ ამ ყველაფერზე. რა თქმა უნდა ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ ეს ცვლილებები მოხდეს თვითონ ევროკავშირში.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს პრობლემები არსებობს შეერთებულ შტატებშიც, ამიტომ საზოგადოებამ თვითონ უნდა გააანალიზოს განვლილი პერიოდის მიხედვით, დააჯგუფოს ფაქტები და ამ ფაქტების შედეგად გამოიტანოს ანალიზი. საბოლოო ჯამში მიიღოს გადაწყვეტილება და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის ის, რომ საზოგადოება რაღაცაზე შეთანხმდეს, რის გარშემოც ჩვენ ყველა გავერთიანდებით და ვივლით მშვიდობისკენ“, – აღნიშნა დავით კაჭარავამ.