პარლამენტის დეპუტატები ლუგარის ცენტრს ესტუმრნენ

საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები საინფორმაციო ვიზიტით რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ეწვივნენ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატებთან ერთად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
პრეზენტაციაზე ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე ძვირად ღირებული ამერიკული ინვესტიციაა საქართველოში.
ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განვითარების ისტორიის, მისიის, სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრა და პარლამენტის წევრებს რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მისი განცხადებით, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო ბაზააა რეგიონში ბიოსამედიცინო და ბიოუსაფრთხოების სფეროში სამედიცინო კვლევებისთვის. მისივე ინფორმაციით, კვლევითი ცენტრის ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აკრედიტებული, ხოლო ჯანმო-ს და საერთაშორისო ქსელებში ჩართული ლაბორატორიები (ინვაზიური მენინგიტები, როტავირუსები, სალმონელოზები, დიფთერია, მალარია) პერსპექტივაში შესაძლოა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კო-ლაბორატორი ცენტრები გახდნენ.
„ამ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი მხოლოდ შენობები არ გახლავთ. მთავარია ის ადამიანური რესურსი, რომელიც ათი წლის განმავლობაში მომზადდა საქართველოსთვის და ის მეცნიერები, რომლებიც დღეს აქ მუშაობენ, საკმაოდ სერიოზულად არიან მომზადებულნი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი მაღალი დონის ლაბორატორიაა, რომელიც საქართველოს გადამდები და არაგადამდები დაავადებებისგან იცავს.
„ეს არის ნიმუში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის პოზიტიური და ეფექტიანი თანამშრომლობისა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში, რომლის ანალოგი ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში არ არსებობს, ადამიანების და ცხოველების განსაკუთრებით საშიში დაავადებების გამომწვევი პათოგენების დეტექცია, იდენტიფიკაცია და დიაგნოსტირება ხდება.
„ეს არის მნიშვნელოვანი ობიექტი, რადგან ესაა გარანტია ჩვენი ქვეყნის ბიოუსაფრთხოების დაცვისა და საშიში დაავადებების ეპიდზედამხედველობის კუთხით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. რიჩარდ გ.ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის უმაღლესი დონის რეფერალური ლაბორატორიაა, რომელიც თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს აერთიანებს. „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპზე დაფუძნებული ერთიანი ლაბორატორიული სისტემა მიზნად საქართველოში სხვადასხვა ინფექციებზე ეპიდზედამხედველობის გაძლიერებას, ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო–კვლევით აქტივობებს, ადამიანური რესურსების განვითარებას და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ქართველი მეცნიერების ინტეგრაციას ისახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები