დავით ნარმანიამ “ქონების მართვის სააგენტოს” თბილისში არსებული ქონების სრული ინვენტარიზაცია დაავალა

თბილისის მთავრობამ დღეს სსიპ “ქონების მართვის სააგენტოს” ხელმძღვანელობის ანგარიში მოისმინა. შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი გაგოშიძემ გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. მისი თქმით, სააგენტოს პრიორიტეტები თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ქონების აღრიცხვა და ინვესტიციების მოზიდვაა. თბილისის მერმა “ქონების მართვის სააგენტოს” ხელმძღვანელს დედაქალაქში არსებული ქონების სრული ინვენტარიზაცია დაავალა. დავით ნარმანიას განცხადებით, ქონების მართვის სააგენტოში უნდა შეიქმნას ერთიანი გეოინფორმაციული სისტემა, რათა მიწისქვეშა კომუნიკაციების, ელექტროსადენების და გაზსადენების განლაგების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არსებობდეს. მისივე თქმით, ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის შექმნის შემდეგ, მერია ცალკეულ პროექტებს უფრო ეფექტურად განახორციელებს. ამასთან, დავით ნარმანიას თქმით, უნდა გადაიხედოს ქირავნობის ხელშეკრულებები და დაზუსტდეს, რამდენად ოპტიმალურად იღებს ქალაქი შემოსავლებს გაქირავებული ქონებიდან. გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, ცვლილებები უნდა შევიდეს სამართლებრივ ბაზაში, რაზეც “ქონების მართვის სააგენტო” თბილისის მერიის იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად იმუშავებს. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული სსიპ – ქონების მართვის სააგენტო თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ქონების აღრიცხვა რეგისტრაციას უზრუნველყოფს. დღევანდელი შეხვედრა სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან პარასკევის ტრადიციული შეხვედრის ფორმატში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები