ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ სრულიად სამართლიანად ვამაყობთ ჩვენი ჩემპიონებით

ჩვენ სრულიად სამართლიანად ვამაყობთ ჩვენი ჩემპიონებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთაველის თეატრში განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება მიმდინარეობს.
“გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 25 წლისთავს. ვულოცავ ამ დღეს ჩვენ სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს ოლიმპიელებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურებს, ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს. ნამდვილად საამაყოა ის, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა მთელ საბჭოთა სივრცეში, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე დააფუძნა დამოუკიდებელი ოლიმპიური კომიტეტი და დიდი ოლიმპიური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
ჩვენ სრულიად სამართლიანად ვამაყობთ საქართველოს ოლიმპიური გამარჯვებებით, ჩვენი ჩემპიონებით. ჩვენ გვაქვს წარმატებები, რომლებიც ნებისმიერი ჩვენზე დიდი ქვეყნისთვის საამაყო იქნებოდა. ოლიმპიური ოქროს მედლების რაოდენობით საქართველო მსოფლიოს პირველ ოცდაათ ქვეყანას შორისაა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით – კიდევ უფრო წინ ვართ”, – განაცხადა პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლის დროს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ოლიმპიელებს იმ სიხარულისთვის, რომელიც ქართველ ხალხს მოუტანეს მაშინ, როცა საქართველო ჯერ კიდევ არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო.
“სწორედ ამიტომ ყველა თქვენი გამარჯვება ეროვნული დღესასწაულის ტოლფასი იყო. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ოლიმპიელებს, რომლებმაც უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში საქართველოს დროშა ააფრიალეს ოლიმპიურ ქალაქებში და ასახელეს ჩვენი სამშობლო. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურებს, რომელთა დაუღალავი და თავგანწირული შრომის შედეგია ჩვენი სახელოვანი ოლიმპიელების გამარჯვებები. უდიდესი პატივისცემით მინდა მივესალმო და მადლობა გადავუხადო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ პრეზიდენტს, ყველა დროის სახელოვან მოჭადრაკეს, ჩვენს საამაყო ადამიანს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, რომელსაც უზარმაზარი ამაგი აქვს გაწეული ქართული სპორტის განვითარების საქმეში.
ჩვენს ღვაწლმოსილ სპორტსმენებთან ერთად განსაკუთრებით მინდა მივესალმო სპორტსმენთა ახალ თაობას, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ მომავალი შეჯიბრებებისთვის, მომავალი გამარჯვებებისთვის. დარწმუნებული ვარ, ქართული სახელმწიფოს დროშა არაერთხელ აფრიალდება და კიდევ ბევრჯერ გაიჟღერებს საქართველოს ჰიმნი. მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს სტუმრებს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბატონ თომას ბახს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს, ბატონ პატრიკ ჰიკს, აგრეთვე ყველა სტუმარს და მადლობა გადავუხადო ყველას ჩამობრძანებისთვის და საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები