“ნაციონალური მოძრაობა“ ზაქარეიშვილის განცხადებას ქვეყნისთვის სახიფათოდ მიიჩნევს

„ნაციონალური მოძრაობა“ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ზაქარეიშვილი აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვის მოხსნას ცალსახად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ პროცესად არ მიიჩნევს. „ნაციონალური მოძრაობა“ მინისტრის განცხადებას სახიფათოდ მიიჩნევს. როგორც გიორგი ბარამიძემ განაცხადა, ზაქარეიშვილის განცხადება საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა.
„ყველამ უნდა გააცნობიეროს, რამდენად სახიფათო განცხადებაა. ჩვენ 10 ათასჯერაც რომ დაგვჭირდეს და მილიონჯერ უნდა გავიმეოროთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ყველა პროცესი არის უკანონი, მით უმეტეს მიწის გასხვისება არალეგალური პროცესია. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის წევრს არ აქვს უფლება ქვეყნისათვის საზიანო, მავნებლური განცხადების გაკეთების მოსახლეობის და ისტორიის წინაშე. ეს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებაა“, – განაცხადა ბარამიძემ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვის მოხსნას ცალსახად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ პროცესად არ მიიჩნევს. ზაქარეიშვილის განცხადებით, გარკვეული ფაქტორები შეიძლება ჩვენ მიერ გამოყენებული იქნას.
„ერთია, რომ რუსეთის მოქალაქეები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები არიან, ამიტომ არ აძლევდნენ ხშირ შემთხვევაში საშუალებას უძრავი ქონების შეძენაზე. მეორე – არის ის სახლები და ბინები, რომლებიც მიტოვებულია და რომლებიც დღემდე გაფორმებულია საქართველოს მოქალაქეებზე. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საუბარია ახლად აშენებულ სახლებზე. თუ ვინმე რუსეთის მოქალაქე ააშენებს ერთ, ან მრავალბინიან კორპუსს, იმ ბინებში შეიძლება რომ რუსეთის მოქალაქემ შეიძინოს საკუთრება. ეს პირდაპირ კავშირში არ არის მიტოვებულ სახლებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იქნება კარგად. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, პროცესი არ არის ცალსახად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. მრავალი ფაქტორია, რომელიც წინააღმდეგ მუშაობს და შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენ მიერ, ამიტომ სჯობს დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება ვითარება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სრულიადაც არ არის აფხაზური საზოგადოებისთვის მისალოცი ამბავი იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქეებს მეტი საშუალება ექნებათ, შეიძინონ უძრავი ქონება აფხაზეთის ტერიტორიაზე და რუსეთის მოქალაქეები კი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები არიან“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები