„საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით პრემიერმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო“

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის გაგრძელების შესახებ დადებითად აფასებს. როგორც „კვირას“ რომან გოცირიძემ განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილმა მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და სპეციალისტების რჩევები გაითვალისწინა.
„მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო. სპეციალისტების რჩევები გაითვალისწინა და ბიუჯეტისთვის მეტად მძიმე და საქმისთვის არარაციონალური სტრუქტურა, როგორიცაა „განვითარების ბანკი”, არ შექმნა. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ამ საკითხის ყოველმხრივ ობიექტურად წარმოჩენაში დიდი როლი ითამაშა მედიამ.
ამასთან, მინდა, აღვნიშნო, მთავრობის წევრებს ყოველთვის ემახსოვრებათ, რომ საზოგადოება არ მიიღებს ქვეყნისთვის საზიანო ინიციატივებს. ესაა სამოქალაქო საზოგადოების ნიშანი“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას რომან გოცირიძე.
როგორც ვიცე-პრემიერმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, “საპარტნიორო ფონდი” არც ფინანსურ კორპორაციად და არც “განვითარების ბანკად” არ გარდაიქმნება. მისი თქმით, “საპარტნიორო ფონდის” სტრუქტურული ცვლილება აღარ იგეგმება.
“რაც შეეხება საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ ცვლილებებს, ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით ეკონომიკურ საბჭოზე. ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა დარჩეს ისე, როგორც არის. პირიქით, უფრო შეგვიძლია გავაძლიეროთ საპარტნიორო ფონდის საქმიანობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს საქართველოში. უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი საინვესტიციო პროექტები განვახორციელოთ და ქვეყანაში უფრო მეტი ინვესტიციები შემოვიდეს”, – აღნიშნა კახი კალაძემ.
„საპარტნიორო ფონდი” არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ფონდს ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს. ფონდს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი “BB-“, რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები