ქადაგიშვილი – “გრანტების შესახებ კანონპროექტზე” – ეს ინიციატივა სწორედ არასამთავრობო სექტორის განვითარებას ემსახურება
“ეს ინიციატივა სწორედ არასამთავრობო სექტორის განვითარებას ემსახურება”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გრანტების შესახებ კანონპროექტის დაინიციირების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არ არის მნიშვნელოვანი. სპექტრი ამ საქმიანობისა, დაწყებული ბუნების დაცვიდან, დამთავრებული ადამიანის უფლებათა დაცვით, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ გვინდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავიანთი პირდაპირი დანიშნულებით შეასრულონ თავიანთი ამოცანები და არ იყვნენ (როგორც აქამდე ხშირად ხდებოდა) ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში კანონგარეშე ჩარევის და სხვადასხვა ტიპის რევოლუციების მომზადებით დაკავებულნი. აქედან გამომდინარე, ეს ინიციატივა სწორედ არასამთავრობო სექტორის განვითარებას ემსახურება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში პარლამენტი გრანტების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.