თორნიკე მოლაშვილი: სულხან მოლაშვილზე მხოლოდ სიგარეტები არ ჩაუქრიათ და დენი არ გაუტარებიათ – „კაპეზეში“, ორი დღე-ღამის განმავლობაში სიბნელეში, კოჭებამდე წყალში ჰყავდათ – ვინ გასცა ბრძანება? – რა თქმა უნდა, გაიზრდება დასასჯელ პირთა სპექტრი

“სულხან მოლაშვილზე მხოლოდ სიგარეტები არ ჩაუქრიათ და დენი არ გაუტარებიათ ფეხებში. „კაპეზეში“, ორი დღე-ღამის განმავლობაში სრულიად სიბნელეში, კოჭებამდე წყალში ჰყავდათ”,- ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოსაძიებელ საკითხებზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დადგინდეს ბრძანების გამცემი პირების ვინაობა და ივარაუდა, რომ მოლაშვილის საქმეზე დასასჯელ პირთა წრე გაიზრდება.

„სულხან მოლაშვილზე მხოლოდ სიგარეტები არ ჩაუქრიათ და დენი არ გაუტარეს ფეხებში, სხვა დანაშაულებიც იყო თუნდაც, წამებას რაც შეეხება. აუცილებელი არაა, სიკვდილი დადგეს იმ დროს, როდესაც ადამიანს აწამებენ. მაგალითად, როდესაც ე.წ. რეზბალნიციდან სულხანი გადაიყვანეს, ორი დღე-ღამის განმავლობაში არ ვიცოდით, სულხანი რომელ ციხეში იყო, გვიმალავდნენ. ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ქვემოთ არის „კაპეზე“. ხუთჯერ თუ ექვსჯერ ვიყავით მისულები და გვითხრეს, მოლაშვილი აქ არ ზისო, სინამდვილეში იქ ჰყავდათ. მთელი საქართველოს ციხეები მოვიარეთ – ბათუმი, ქუთაისი, ხონი, რუსთავი. არ ვიცოდით, სად იყო სულხან მოლაშვილი. ის მაგ დროს „კაპეზეში“, ორი დღე-ღამის განმავლობაში სრულიად სიბნელეში, კოჭებამდე წყალში ჰყავდათ.

ელენე თევდორაძე და მათიას იორში იყვნენ მაშინ შესული, პირუტყვები არ ჰყავთ ასე, რა დღეში გყავთ ეს ხალხი, თქვენ ნორმალურები ხართო? მოლაშვილს რა გაუკეთეთ, რას კადრულობთო? ელენე თევდორაძეც დაკითხეთ. ვინ გასცა ბრძანება, რომ თუნდაც, ის ორი დღე ჰყოლოდათ სულხან მოლაშვილი სიბნელეში საკანში. სულხანმა არ იცოდა, დღე იყო თუ ღამე. კარი რომ გაიღო, სინათლეს თვალს ვერ უსწორებდა, თვალები დახუჭული ჰქონდა, სტკიოდა თვალები. ვინ გასცა ბრძანება? ვინ იყო ციხის უფროსი, მოადგილე რეჟიმის დარგში? რა თქმა უნდა, გაიზრდება [დასასჯელ პირთა] სპექტრი. აქ სულხან მოლაშვილზეა საუბარი, იქ ცეცხლაძეზე, არის სერგო თეთრაძის საქმეც. რომელი ერთი ჩამოვთვალო? უამრავია ასეთი”, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ყოფილი პოლიტპატიმრები გათავისუფლებიდან მალევე ითხოვდნენ.

„ალბათ, გახსოვთ სულხანის გამო ხომ დაკავებული ვიყავი, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მქონდა მოსჯილი, იარაღი ზედ მქონდა ოფიციალურად ტარების უფლებით და ტყვიებზე მომისაჯეს მარტო 6 თვე, ადამიანის უფლებები რომ არ ირღვეოდა მიხეილ სააკაშვილის დროს ვითომ.

ჩვენ რომ გამოვედით ციხიდან, პოლიტპატიმრების ნიშნით გათავისუფლებულები, მაშინ სპორტის სასახლეში ჩაატარა ქალბატონმა ნანა კაკაბაძემ გაფართოებული შეკრება. ჩვენ ვითხოვდით რეჟიმის აკრძალვას. „ნაციონალური რეჟიმი“ საერთოდ უნდა აიკრძალოს, ისინი არიან სისხლის მსმელი ხალხი. ისინი არიან საქართველოს მტრები, მოღალატეები კი არ არიან.

ქართველმა მოსახლეობამ, იმ ხალხმა, ვისაც საქართველოს მომავალი ადარდებს, ხმა უნდა ამოვიღოთ და უნდა ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის პოლიტიკური პარტია, ესა რის პოლიტიკური პარტიის უკან მოფარებული საქართველოს მტრები. ოღონდ საქართველომ წინ არ გადადგას ნაბიჯი, მიზანმიმართულად დადიან, მთელ მსოფლიოში მოიარეს, კაბინეტი და პრეზიდენტი არ დატოვეს, ტყუილებით რომ არ მოესყიდათ, ზოგი შიშით, ზოგი რიდით, ზოგზე ჩანაწერები აქვთ გაკეთებული და აშანტაჟებენ უცხოელებს, ყველაფერს კადრულობენ”, – აღნიშნა თორნიკე მოლაშვილმა.

დღეს პარლამენტში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისია მოუსმენს ყველა დაზარალებულსა და მსხვერპლს, რომელიც მათ მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები