რუისი–აგარას მშენებარე მონაკვეთზე 5 -კილომეტრიანი საავტომობილო გზა გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუე ბინმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარას მშენებარე მონაკვეთზე 5 -კილომეტრიანი საავტომობილო გზა გახსნეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას, რუისი–აგარას მონაკვეთის მშენებელი კომპანიის „ჩაინა ნუქლიარ ინდასთრის“ დირექტორი ჰან ნაიშანი და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი ესწრებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, დღეიდან, აღნიშნული მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთვება.
რუისი–აგარას სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე, საერთო ჯამში, 19 კილომეტრია. პროექტის ღირებულება, რომლის მშენებლობასაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, 70 მილიონი ლარია. სამუშაოებზე 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% ადგილობრივი მცხოვრებია, რომელთა დიდი ნაწილი მიმდებარე სოფლების მოსახლეობაა.
პროექტი ითვალისწინებს, აღნიშნულ გზაზე ორდონიანი გადაკვეთების მოწყობას, სადაც 5 გზაგამტარი და 3 სახიდე გადასასვლელი აშენდება.
რუისი–აგარას მონაკვეთის მშენებლობის შედეგად, გაუმჯობესდება საგზაო ქსელი, მოხდება მისი მოდერნიზებადა თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრება, ასევე, გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოების დონე. E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის დარჩენილ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 24 -საათიან რეჟიმში გრძელდება, მშენებლობა სრულად 2015 წელს დასრულდება. წლის ბოლომდე, რუისი–აგარას მონაკვეთზე ჯამში ახალი 11 კილომეტრი და ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კილომეტრი გზა გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები