კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: 28 ჭრილობიდან სიკვდილის გამომწვევი მხოლოდ 4 იყო
“28 ჭრილობიდან სიკვდილის გამომწვევი მხოლოდ 4 ჭრილობა იყო, დანარჩენი მსუბუქი ხასიათის იყო”, – ამის შესახებ 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯაიანი ჩადენილს ნანობს.
„იგი თავს დამნაშავედ ცნობს განზრახ მკვლელობაში და ნანობს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ჭრილობები ავტომატურად განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას არ ნიშნავს. ეს არის სამართლებრივი შეფასების საკითხი. სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს მკვლელობა სისასტიკით მოხდა თუ არა, ეს იურიდიული შეფასების საკითხია და ამას საბოლოოდ სასამართლო აფასებს. გააჩნია, ჭრილობა როდის არის მიყენებული, რომელმა გამოიწვია სიკვდილი. ამ 28 ჭრილობიდან სიკვდილის გამომწვევი მხოლოდ 4 ჭრილობა იყო, დანარჩენი მსუბუქი ხასიათის იყო. ექსპერტი პატარა ნაკაწრსაც დაზიანებად აღნიშნავს, ამიტომ ეს არ უნდა გავიგოთ, რომ ეს ჭრილობები იმისთვის იყო მიყენებული, რომ ის ტანჯვით მოეკლა, ასეთი განზრახვა ბექა ჯაიანს არ ჰქონია. სისტემატურ ძალადობას პირდაპირი მტკიცებულებები სჭირდება, როგორ დაადასტურებს ბრალდების მხარე ამას, როცა პირი გარდაცვლილია”,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.