ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მეწყერის ჩამოწოლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მედიის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები, სულ მცირე, 28 დაკარგული ადამიანის აღმოსაჩენად გრძელდება, რადგან მეწყერმა ათეული სახლი გაანადგურა. ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სასწრაფო დახმარების ასობით თანამშრომელი ეძებს გადარჩენილებს. 200-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ქვეყნის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ხელისუფლებას უბრძანა, ყველაფერი გაეკეთებინათ ზარალის შესამცირებლად და პრობლემის სათანადოდ მოსაგვარებლად.
წინასწარი შეფასებებით სტიქიას ბოლოდროინდელ უხვ ნალექს და ადგილობრივ გეოლოგიურ პირობებს უკავშირებენ.
ხელისუფლების ცნობით, დაზარალებულ რაიონებში ინფრასტრუქტურის აღსადგენად დაახლოებით 11 მილიონი დოლარი გამოიყოფა.