დავით მათიკაშვილი 6 მილიარდიან ინვესტიციაზე: ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს იმ ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ასე უწყვეტად უკვე რამდენიმე წელია, შეინარჩუნა
„Emaar-ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულება და უპრეცედენტო 6 მილიარდიანი ინვესტიცია საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ქართულ ეკონომიკაზე,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ქართულ ეკონომიკაზე ამ ინვესტიციამ საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა უნდა იქონიოს. 6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში, ბუნებრივია, გულისხმობს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად წინსვლას და განვითარებას. სამუშაო ადგილები, რომლებიც უამრავი შეიქმნება ამ ინვესტიციის ფონზე, ცხადია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის იქნება ძალიან სასარგებლო და ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს იმ ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ასე უწყვეტად უკვე რამდენიმე წელია, შეინარჩუნა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია – დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, – თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. „ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მასშტაბური პროექტი ქვეყანაში წარმატებით განხორციელდება და საქართველო საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.