გიორგი აბაშიშვილი: 6 მილიარდს ხარჯავენ მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლის სწორი განვითარების სჯერათ – 6 მილიარდს არავინ ხარჯავს იმ ქვეყანაში, სადაც შეიძლება სტაბილურობის ეშინოდეთ

6 მილიარდს ხარჯავენ მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლის სწორი განვითარების სჯერათ – 6 მილიარდს არავინ ხარჯავს იმ ქვეყანაში, სადაც შეიძლება სტაბილურობის ეშინოდეთ, – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმებას.

„არავინ, 6 მილიარდს არ ხარჯავს იმ ქვეყანაში, სადაც შეიძლება სტაბილურობის, საკანონმდებლო ბაზის ან ხელისუფლების არასწორი მოქმედებების ეშინოდეთ. 6 მილიარდს ხარჯავენ მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლის სწორი განვითარების სჯერათ, რომელი ქვეყნის პერსპექტივის, ხელისუფლების, საგადასახადო და სასამართლო სისტემის სჯერათ. რაც არ უნდა მსხვილი ჯგუფი იყო, 6 მილიარდი წაიღო და რომელიმე ქვეყანაში გაიტანო ისე, რომ არ გქონდეს შესწავლილი შესაბამისად არსებული ვითარება , ეს არის გამორიცხული. ახლა ამ ყველაფერზე რომ ვსაუბრობთ, თითქოს ეს ყველაფერი ასე უცებ მოხდა, მაგრამ ეს იქნებოდა უდიდესი დაკვირვების შედეგი „ემაარ ჯგუფის“ მხრიდან“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია – დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, – თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები