ამირან სალუქვაძე: ილჰამ ალიევის განცხადებით გამოიკვეთა საქართველოს როლი რეგიონში
“მნიშვნელოვანი განცხადება იყო ის, რაც ილჰამ ალიევმა გააკეთა. ამ განცხადებით გამოკვეთილი იყო საქართველოს როლი რეგიონში”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი პირველად რომ ჩადის აზერბაიჯანში, ბაქოში, ეს ტრადიციულია.
“ალბათ შემდეგი ვიზიტი განხორციელდება სომხეთში. ის განცხადებები, რაც რეგიონულ უსაფრთხოებასა და მშვიდობას უკავშირდება, მნიშვნელოვანია იმ ვითარების ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში სუფევს. ამ ფონზე სტაბილური, სამეზობლო პოლიტიკა კავკასიაში, ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში. პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ორი მეზობელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა პირისპირ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა.