დავით ქართველიშვილი: ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონები ტრამპისთვის პირველ რიგში ბიზნესის თვალსაზრისით იქნება საინტერესო. ამის ფონზე აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება

„ტრამპის ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე, საქართველოს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სამხრეთ კავკასიაში ტრამპის ადმინისტრაციის ახალი წარმომადგენლის დანიშვნამდე, ჩვენი რეგიონის ორმა ლიდერმა აუცილებლად უნდა მოახდინონ პოზიციების შეჯერება და განიხილონ ყველა საჭირბოროტო საკითხი,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი და ბაქოში პრემიერის ვიზიტს აფასებს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სხვადასხვა ექსპერტი მიიჩნევს, რომ ტრამპის მეორე ვადით მმართველობის პერიოდში აშშ-ის პოლიტიკაში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მოსალოდნელია ცვლილებები.

„დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამდე სამი დღე რჩება. იმავდროულად, საერთაშორისო ექსპერტულ წრეებში გრძელდება დებატები მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. კერძოდ, არსებობს სხვადასხვა მოსაზრება და შეფასება ტრამპის მეორე ვადის პერიოდში აშშ-ის პოლიტიკაში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით. ზუსტად ეს გვაინტერესებს პირველ რიგში და მეტწილად, ამასთან არის დაკავშირებული აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი.

რადიო თავისუფლების ცენტრალური აზიის ექსპერტი ბრიუს პანიერი და ერიკ რუდენშოლდი, რომელიც აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოში ცენტრალური აზიის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდნენ, მიიჩნევენ, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონები ტრამპისთვის პირველ რიგში ბიზნესის თვალსაზრისით იქნება საინტერესო. შუა დერეფანმა შესაძლებელი გახადა ამ რეგიონების ენერგეტიკული, სატრანსპორტო-ეკონომიკური კავშირების დამყარება დასავლურ სავაჭრო გზებთან და ბაზრებთან.

დღეს ყაზახეთი ნავთობის გატანას უშუალოდ კასპიის ზღვით ახორციელებს და მისი სტრატეგიული მინერალები გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა შუა დერეფნის წყალობით. ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი ერთად „მიმზიდველია თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციისთვის”. ერიკ რუდენშოლდი თვლის, რომ: „ცენტრალური აზია აღარ არის ის შორეული რეგიონი, როგორც ადრე იყო. კასპიის ზღვის გასწვრივ სატრანსპორტო მარშრუტებმა ცენტრალური აზია დააახლოვა თურქეთთან, ევროპასა და მსოფლიო სავაჭრო მარშრუტებთან. ეს უხსნის ტრამპს ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც ადრე მხოლოდ თეორიულად არსებობდა, მაგრამ ახლა უკვე რეალობად იქცა. უპირველეს ყოვლისა, მე ვსაუბრობ თურქმენეთიდან გაზის მიწოდებაზე კასპიის ზღვის გავლით ევროპაში საწვავის დეფიციტის შესამსუბუქებლად”.

რიჩარდ ჰოგლანდი, ვაშინგტონში დაფუძნებული კასპიის პოლიტიკის ცენტრის ექსპერტი და აშშ-ის ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და ტაჯიკეთში და საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში, ასევე თვლის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „გარდაუვალად” გაამახვილებს ყურადღებას „არა მარტო ცენტრალურ აზიაზე, არამედ სამხრეთ კავკასიაზეც. გადავხედოთ ამ რეგიონებში შემავალი ქვეყნების მეზობლებს. ჩრდილოეთით არის უკრაინასთან საომარ მოქმედებებში მყოფი რუსეთი. აღმოსავლეთით ჩინეთია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოდ იქცა. სამხრეთით არის ავღანეთი, სადაც ბოლო დროს არ ყოფილა დიდი სამხედრო კრიზისი, მაგრამ აშშ-ს რთული ურთიერთობები აქვთ თალიბანის რეჟიმთან. და ბოლოს – ირანი, რომელიც გადის ძალიან სერიოზული ცვლილებების პერიოდს, ნაწილობრივ იმის გამო, რომ მან ცოტა ხნის წინ დაკარგა თავისი პარტნიორი ახლო აღმოსავლეთში სირიის სახით. ამ სამეზობლოში მიმდინარე მოვლენები აუცილებლად აიძულებენ ვაშინგტონს ძირითადი ყურადღება მიაქციოს ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას”.

ყოველივე ამის ფონზე და ტრამპის ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე, საქართველოს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სამხრეთ კავკასიაში ტრამპის ადმინისტრაციის ახალი წარმომადგენლის დანიშვნამდე, ჩვენი რეგიონის ორმა ლიდერმა აუცილებლად უნდა მოახდინონ პოზიციების შეჯერება და განიხილონ ყველა საჭირბოროტო საკითხი,” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები