“საქართველო ყოველთვის მზად იქნება, ხელი შეუწყოს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რაც ეკონომიკური შესაძლებლობების უკეთ გამოყენების საშუალებას მოგვცემს” – მაკა ბოჭორიშვილი
“ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ელექტრო კაბელის პროექტზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მომავლისთვის, საქართველოსთვისაც, აზერბაიჯანისთვისაც, დიდი რეგიონისთვის, შავი ზღვის გავლით დაკავშირებადობისთვის, რაც კიდევ უფრო გამოგვაყენებინებს ჩვენს შესაძლებლობებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრმა აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ ფარგლებში თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
“იმედი მაქვს, ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, სწორედ ამ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართოს და ვისაუბროთ სამმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის საჭიროა რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა. სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ არის ქვეყანა, რომლის ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გამოწვევებს ზრდის. ასევე, ის მოვლენები, რაც ვითარდება უფრო ფართო რეგიონში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, არის საფრთხის შემცველი, თუმცა საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ის ურთიერთპატივისცემა, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, რაც საფუძვლად უდევს სწორედ ჩვენს ურთიერთობებს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.