აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გამოშვებაზე მხარეები შეთანხმების მიღწევის ზღვარზე არიან და „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მას შეთანხმების მიღწევა სურს.
მოლაპარაკებებში, კონფლიქტის მხარეების გარდა, მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ბრეტ მაკგერკი და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიკტოფი.
„გათავისუფლდებიან მძევლები, შეწყდება ბრძოლა, ისრაელი უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოებით და ნება მოგვეცემა, რომ მნიშვნელოვნად გავუზარდოთ ჰუმანიტარული დახმარება პალესტინელებს, რომლებიც საშინლად დაიტანჯნენ ამ ომში, რომელიც „ჰამასმა“ დაიწყო“, – განაცხადა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.
ისრაელელი მაღალჩინოსნის თქმით, წარდგენილი შეთანხმების პირობებით, პირველ ეტაპზე 33 მძევალი, მათ შორის, ბავშვები, ქალები, რომელთაგანაც ზოგიერთი ქალი ჯარისკაცია, 50 წელს გადაცილებული კაცები, დაშავებულები და ავადმყოფები, გათავისუფლდება.
მეორე ეტაპის ფარგლებში დანარჩენი მძევლები – კაცი ჯარისკაცები და სამხედრო ასაკის კაცები გათავისუფლდებიან, ხოლო დაღუპული მძევლების ცხედრები ისრაელის მხარეს გადაეცემა.
ამას გარდა, შეთანხმების ფარგლებში ისრაელი ეტაპობრივად გამოიყვანს ჯარისკაცებს ღაზის სექტორიდან, თუმცა, ისრაელის ძალები სასაზღვრო პერიმეტრზე დარჩება, რათა საზღვარზე მდებარე ქალაქები და სოფლები დაიცვას.