ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს მოქანდაკის, გრაფიკოსის და ფერმწერის – მარინე ივანიშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული მოქანდაკის, გრაფიკოსის, ფერმწერის, პუბლიცისტისა და პედაგოგის, მარინე ივანიშვილის, გარდაცვალების გამო, პატივს მიაგებს მის ხსოვნას და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
მუზეუმის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა (1983) მარინე ივანიშვილმა 1976 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. მისი შემოქმედება, უმეტესწილად, მცირე პლასტიკასა და გრაფიკას მოიცავდა. ხელოვანის ნამუშევრებში ტორსების, ცხენებისა და ხარების მოტივები განსაკუთრებული ესთეტიკური გამომსახველობით გამოირჩევა. ელენე ახვლედიანის შემდეგ ის იყო პირველი ქართველი ქალი ხელოვანი, რომელმაც ეროტიკული შინაარსის გრაფიკული სერიები შექმნა.
მარინე ივანიშვილის საქმიანობა მრავალმხრივი იყო. ის მუშაობდა მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მხატვრად; იყო საქართველოს მხატვართა კავშირის ქანდაკების სექციის მდივანი; 1986-1989 წლებში მხატვრის სახლში ხელმძღვანელობდა ქანდაკების ბავშვთა სტუდიას; აქტიურად იყო ჩართული ხელოვნებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში და კონსულტაციას უწევდა ,,სტუდიო ART.ge”-ს ელექტრონულ კატალოგს.
მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო როგორც საქართველოში გამართულ, ასევე საერთაშორისო გამოფენებზე.
გამორჩეული პერსონალური გამოფენები გამართა ჰამბურგის ქალთა კულტურის ცენტრში (1991), საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში (1997), პარიზში (2021). მისი ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ფონდებსა და კერძო კოლექციებში.
2021 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმმა შეიძინა მარინე ივანიშვილის ნამუშევრები, რაც ადასტურებს მისი შემოქმედების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქართული კულტურისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები