ვლადიმერ ბოჟაძე ჯო უილსონზე: დღე და ღამე კლავიატურაზე კაკუნითაა დაკავებული
“ადამიანი დღე და ღამე კლავიატურაზე კაკუნითაა დაკავებული იმისთვის, რომ მისმა ტვიტებმა რაიმე გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიგნით მდგომარეობაზე, რაღაც ხელმოსაჭიდი ჰქონდეს ოპოზიციას, იგივე სალომე ზურაბიშვილს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ამერიკელ კონგრესმენსა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.
„რადგან ჯო უილსონი რესპუბლიკური პარტიის წევრია ამიტომაც შეირჩა, რომ აქ განცდა შეიქმნას, რომ ისიც ხომ იმ პარტიას წარმოადგენს, რომელიც ტრამპის მიერ არის მხარდაჭერილი. გარკვეული ძალები, რომლებიც ასე ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, ასე ღიად ერევიან საშინაო პოლიტიკასა და წინასაარჩევნო კამპანიაში, ერთი ხელიდან იმართებიან და ამ შემთხვევაში განსხვავება არ აქვს, შენ რომელ პარტიას წარმომადგენელი ხარ, მთავარია კონტრაქტი ჰქონდეს „ფორმულასთან“ და კეზერაშვილთან, კონკრეტულ ანაზღაურებას იღებდე კონკრეტულ ტვიტებსა და განცხადებებში საიმისოდ, რომ ამას რეაგირება მოჰყვეს ქვეყნის შიგნით“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე იწვევს.