ვანდალიზმი თბილისში – ანჩისხატის ტაძარს კვერცხები ესროლეს
ვანდალიზმის ფაქტი თბილისში – ანჩისხატის ტაძარს კვერცხები ესროლეს. ინფორმაციას, ფოტო-მასალასთან ერთად სოციალურ ქსელში მამა არჩილ ხაჩიძე ავრცელებს.
„მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას!
სამწუხაროდ დღეს დილით ღვთისმსახურებაზე მოსულებს ვანდალიზმის ფაქტის დაფიქსირება მოგვიხდა. თბილისის უძველესი ტაძრისა და ნაგებობის, თავად წმინდა ვახტანგ გორგასლისა და დაჩი უჯარმელის მიერ აგებული ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადი და კარი (ძირითადი შესასვლელის მხარე) ნასროლი კვერცხებით იყო მოთხვრილი.
ღმერთმა ღირსეულად მოანანიებინოთ ამის ჩამდენთ უფლის ტაძრისა და საკუთარი თავის ასეთი შეურაცხყოფა.
გულდასაწყვეტია, რომ უკანასკნელ პერიოდში ეს არის საეკლესიო სივრცეების და სიწმინდეების, ჩვენი ქვეყნის ეროვნული მემკვიდრეობის მკრეხელურად წაბილწვისა და დაზიანების კიდევ ერთი შემთხვევა”, – წერს მამა არჩილ ხაჩიძე.