ლევან მგალობლიშვილი პატრიარქს: განუზომელია თქვენი ღვაწლი და დამსახურება ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი ამაღლების საქმეში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ვულოცავ აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს, – წერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, განუზომელია პატრიარქის ღვაწლი და დამსახურება აფხაზეთის სახელის უკვდავყოფის საქმეში.
„განუზომელია თქვენი ღვაწლი და დამსახურება ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი ამაღლების საქმეში. საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის როლის გაზრდა თქვენი განსაკუთრებული ძალისხმევისა და უდიდესი ავტორიტეტის შედეგია. თქვენი მოღვაწეობის პერიოდში აფხაზეთის სახელის უკვდავსაყოფად გაწეულმა შრომამ, განხორციელებულმა უმნიშვნელოვანესმა საქმეებმა, მათ შორის, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელობის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ასევე აფხაზეთის დღის დაწესებამ კიდევ ერთხელ განამტკიცა საზოგადოების აზრი და მოლოდინი ქართველებისა და აფხაზების ერთიანობის შესახებ.
მჯერა, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევით, უახლოეს მომავალში, აღდგება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გაერთიანდება საზოგადოება და ახდება ჩვენი სანუკვარი ოცნება – ყველა ერთად დავბრუნდეთ აფხაზეთში!
თქვენო უწმინდესობავ, ჯანმრთელობას, მხნეობასა და სულის სიმტკიცეს გისურვებთ ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ!!“, – აღნიშნავს ლევან მგალობლიშვილი.