ეკა სეფაშვილი: იმდენად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ოცნებამ”, რომ ეუთო/ოდირიც კი იძულებული გახდა ეს თავის დასკვნაში ეღიარებინა
„ეუთო/ოდირი, რომელიც არჩევნებს აფასებს სხვადასხვა ქვეყანაში და ამ მხრივ აღიარებულია ერთადერთ ინსტიტუციად მსოფლიოში, ყველას – ქვეყნის შიდა აქტორებს თუ საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნება, რომ საქართველოში არჩევნები შედგა”, – ამის შესახებ მედიასთან დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმდენად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ოცნებამ”, რომ ეუთო/ოდირიც კი იძულებული გახდა ეს თავის დასკვნაში ეღიარებინა.
„კი, ეუთო/ოდირის ანგარიშში საუბარია გარკვეულ დარღვევებზეც, რომელზეც ეს ორგანიზაცია განსაკუთრებული სიმძაფრით ცდილობს აქცენტების დასმას, რასაც შემდეგ ხელზე იხვევენ [რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები], თუმცა, პროფესიონალიზმი ეუთო/ოდირს საშუალებას მაინც არ აძლევს, რომ ამ [ზედმეტი სიმძაფრით აქცენტების დასმის] ხაზს ბოლომდე გაჰყვეს და საბოლოო ჯამში ასკვნის, რომ მიუხედავად ასეთი გადაცდომებისა, მათი რაოდენობა იმდენად მცირე იყო, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა არ ჰქონდა.
საერთოდ, როცა არჩევნებში ორ მილიონზე მეტი ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას და სამი ათას საარჩევნო უბანზე მეტია გახსნილი, იქ პატარ-პატარა გადაცდომები, რა თქმა უნდა, შეიძლება დაფიქსირდეს – ასეთი რამ ნებისმიერ ქვეყანაში ხდება. თუმცა, თვითონ ის ფაქტი, რომ ეუთო/ოდირი მსგავსი [ხელჩასაჭიდი] თემის რადიკალებისთვის მიცემას ცდილობს, ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად ისიც მათ თამაშს თამაშობს. მაგრამ, იმდენად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ოცნებამ”, იმდენად მკაფიოდ გამოხატა ხალხმა თავისი ნება, რომ ეუთო/ოდირიც კი გახდა იძულებული ეს თავის დასკვნაში ეღიარებინა”, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.