თინათინ ნიბლოშვილი: ჩვენ მუდმივი ნეგატივის პირობებში ვახერხებდით განგვევითარებინა ჩვენი ქალაქი და დღეს თბილისი ნამდვილად ევროპული დედაქალაქია
დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ამბიციური გეგმები თბილისის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ის მიღწევები, რომლებიც უკვე თვალსაჩინოა ჩვენს ქალაქში, ხორციელდებოდა ზუსტად ისეთივე ნეგატიურ პოლიტიკურ ფონზე, როგორსაც დღესაც აქვს ადგილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერის ანგარიშის და 2025 წლის ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ.
„2017 წლიდან ჩვენ მუდმივი ნეგატივის, მუდმივი ყიჟინის პირობებში ვახერხებდით განგვევითარებინა ჩვენი ქალაქი და ჩვენი ქვეყანა და დიახ, დღეს თბილისი ნამდვილად ევროპული დედაქალაქია. ის დაპირისპირება, რომელიც დღეს ქუჩებშია, დაუშვებელია. დაუშვებელია ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში ასეთი რადიკალიზმი. რადიკალიზმი ანგრევს ამ ქალაქს, განსხვავებული აზრის დევნა, ტერორი ანგრევს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. მაგრამ ჩვენ ამის ინიციატორები არ ვართ. მეტიც, ჩვენს გუნდს ბევრი მცდელობა ჰქონდა დესტრუქციული ძალები ჩვენი ქვეყნის სამსახურში ჩაეყენებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ გამოდის. უკვე ყველასათვის ცხადია, რომ ეს ძალები არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, საერთო მიზანს ჯერ ქვეყნის გადარჩენა, შემდეგ კი გადარჩენილი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს.
„ეს პროცესი ნაკლები ზიზღით, ურთიერთპატივისცემით და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გავიაროთ. ამის გააზრება სჭირდება ოპოზიციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასაც, რომელსაც მთელი პოლიტიკური სპექტრი ვემსახურებით“, – აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.