ნინო წილოსანი: ეუთო/ოდირის დასკვნამ დაასრულა ის უსაფუძვლო დისკუსია და ბრალდებები, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა

“ეუთო/ოდირის დასკვნამ დაასრულა ის უსაფუძვლო დისკუსია და ბრალდებები, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა”, -ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საბოლოო განაჩენი ოპოზიციისთვის.

„ის ძირითადი აქცენტები, რომლებიც მთლიანი დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ალბათ დარჩება და ძირითადი გზავნილები რაც იყო, ეს არის ის, რომ თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა არჩევნები, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველა პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საკუთარ ამომრჩეველთან მისულიყო და შესაბამისად დაემობილიზებინა ის და არჩევნების საბოლოო შედეგებზე გარკვეული გავლენა მოეხდინა ამ ყველაფერს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, კანონმდებლობა, რომელიც სათანადოდო არის და საკმაოდ დადებითად არის შეფასებული. რა თქმა უნდა, ბოლო პუნქტიც, რომ ეუთო/ოდირი აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას იმისათვის, რათა ის რიგი ხარვეზები თუ შენიშვნები, რომელიც ამავე დოკუმენტშია ასახული, საბოლოო ჯამში იყოს გამოსწორებული და არჩევნების სისტემა, მთლიანად, ისევე როგორც მისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა, ასევე მისი აღსრულება, იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადატანილი.

რა თქმა უნდა, ეს არის დასკვნა, რომელიც არ მოეწონა ოპოზიციას. რომელმაც აღმოაჩინა აღნიშნულ დოკუმენტში ის, რაც მას სჭირდება. თავისთავად, როგორც ყველა დასკვნაში, რომელსაც ეუთო/ოდირი გამოსცემს და დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, სადაც 5 ნოემბრის არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში უკიდურესად კრიტიკულად არის წარმოჩენილი.

რა თქმა უნდა, ის ერთეული შენიშვნები, ფაქტები, ის ხარვეზები, რომელიც როგორც ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ფიქსირდებოდა, ასევე ჩვენ შემთხვევაში იწერება დასკვნაში, ვერ განაპირობებს და არ განაპირობებს არჩევნების საბოლოო შედეგზე ზემოქმედებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იყო რიგი ფაქტები, რომლებზეც ეუთო/ოდირი საუბრობს და რომელსაც ოპოზიცია იყენებს, თუმცა ამან ვერ მოახდინა გავლენა არჩევნების შედეგზე. რაც მთავარია, ასევე მშრალი ნაშთი, რაც ამ დოკუმენტიდან გვრჩება, რომ 90 პროცენტზე მეტს საარჩევნო უბნებში საარჩევნო პროცესი არის დადებითად შეფასებული. ეს არის საბოლოო განაჩენი ოპოზიციისთვის და საბოლოო განაჩენი იმ უაზრო, უსაფუძვლო დისკუსიისთვის, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები