ირაკლი ზარქუა: გერმანიის ელჩს თავისი უფლება-მოვალეობები ცოტა არეული აქვს
“გერმანიის ელჩს თავისი უფლება-მოვალეობები ცოტა არეული აქვს. მგონია, ფუნქცია-მოვალეობებში დაბნეული და დაკარგულია”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ „საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მალე შეიცვლება, რადგან უკრაინაში შექმნილმა პროცესებმა შექმნა ის ფაქტორები, რამაც ეკონომიკა გაზარდა, თუმცა ეს დროებითია“.
ზარქუას თქმით, გერმანიის ელჩი თავისი განცხადებებითა და ქმედებებით ელჩის მანდატს არ შეესაბამება.
„ამ ტონალობაში დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებას არ უნდა ელაპარაკო. მით უმეტეს, თქვენ, რომელიც დაგნიშნეს, ლეგიტიმაცია გაქვთ თუ არა, ეგეც არ ვიცი. დაიშალა მთავრობა, რომელმაც თქვენ დაგნიშნათ და იმდენს ბედავთ, რომ პოლემიკაში შედიხართ და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ.
რაც შეეხება ეკონომიკის მიმართულებას, ეტყობა ეგ ნიუანსი გამოგრჩათ. რომ იცოდეთ, სწორედ აღმოსავლეთ ევროპიდან თქვენმა მეგობრებმა გადაასწრეს საქართველოს, მაგალითად, რუსეთთან ვაჭრობაში ღვინის მიმართულებით. ნახეთ ლატვია და სხვა ქვეყნები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ორმაგ სტანდარტზე. თქვენ თუ რადიკალების მომხრე ხართ, ეს თქვენთვის შეინახეთ, თქვენს მანდატს არ შეეფერება. მინდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართო, იქნებ ამ ელჩის აქ მოღვაწეობით დაინტერესდეს და ვისურვებდი, ამ ელჩის გაწვევის პროცედურა დავიწყოთ, რადგან ის არ შეესაბამება იმ მანდატს, რა მანდატითაც აქ არის. არ მგონია, მან შეძლოს გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში რამე პოზიტიურის შეტანა. პირიქით მგონია, რომ ის მავნებლობს. არ ვიცი, რა დაკვეთა აქვს. ფაქტობრივად, იგივე როთია, როთი ორი. მინდა ამ როთებს მივმართო, რომ ის მთავრობა, რომელმაც თქვენ დაგნიშნათ, შოლცის მთავრობა ჩამოშლილია, დაინგრა კოალიცია და თქვენ ლეგიტიმაცია არ გაქვთ, ამ ტონალობაში ელაპარაკებით 54%-ით არჩეულ მთავრობას. ამას არ გაგიტარებთ. მე კიდევ ერთხელ მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ახალ მინისტრს, ალბათ ამის შესახებ ვთხოვ, რომ ამ პერსონით დაინტერესდეს, რასთან გვაქვს საქმე, გერმანიის ელჩი, რომელიც არ შეესაბამება თავისი განცხადებებითა და ქმედებებით ელჩის მანდატს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.