ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი წყვილი ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი წყვილი ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
“პოლონეთში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე, სახელწოდებით „ვარშავის თასი“, წარმატებით იასპარეზა ქართულმა სპორტულმა წყვილმა – ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ. ორი პროგრამის შედეგად დაგროვებული 202,03 ქულით მათ ოქროს მედლები მოიპოვეს.
სპორტსმენებმა მოკლე პროგრამა 67,17 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს. მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგს მიაღწიეს თავისუფალ პროგრამაშიც – მათ მსაჯებისგან 134,86 ქულა დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა პირველი ქართველი სპორტული წყვილია, რომელმაც გრან-პრის სერიის ეტაპის ჩემპიონობა იზეიმა. მიმდინარე თვეს NHK Trophy-ზე სპორტსმენებმა ორი პროგრამის შედეგად დაგროვებული 213,05 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ „ვარშავის თასზე“ ქართველი სპორტსმენები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები