“ხაზარაძეს უთქვამს, კარვებში შემსვლელი არ ვარ, კარავში სხვა შევიდეს და შემდეგ პარლამენტში მე შევალო; ეს არის ხაზარაძის რეალური გეგმა” – გურამ მაჭარაშვილი
“ხაზარაძეს თავისმა ამომრჩეველმა უპასუხა – მას ყველაფრის გაკეთება სხვისი ხელით უნდა, თავად არაფერში მონაწილეობს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი ტრაგიკომედიაა.
„ხაზარაძეს უთქვამს, კარვებში შემსვლელი არ ვარ, კარავში სხვა შევიდეს და შემდეგ პარლამენტში მე შევალო. ეს არის ხაზარაძის რეალური გეგმა. შეგვიძლია, რაღაც ადგილი გამოვუყოთ და სათამაშო პარლამენტი შევუქმნათ – უნდათ, სენატი დაარქვან, უნდათ – კონგრესი. ალბათ, ხაზარაძეს რაიმე თანამდებობას მისცემენ, ვაშაძე კი პრემიერობას არავის დაუთმობს. ახალი წლები მოდის და მათზე ხალხი გაერთობა. კი ბატონო, პარალელური მთავრობა, პარალელური ბრიუსელი შექმნან. ეს არის ამ ხალხის ტრაგიკომედია. ტრაგი იმიტომ, რომ ტრაგიკულია, როცა ასეთი ოპოზიცია გყავს და კომედია იმიტომ, რომ თუ კომიკურად არ შეხედე, ამ ხალხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.