შალვა პაპუაშვილი: ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ის დგას გამჭვირვალობის კანონის უკან, ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ის დგას ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის კანონის უკან
,,როგორც ჩანს ვიღაცებს ძალიან აწუხებთ ის, რომ მათი ფინანსები გახდება გამჭვირვალე საქართველოში და ქართველი ხალხი გაიგებს, რაში იხარჯება ესა თუ ის თანხები”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომელიც დასავლეთის მხრიდან გამჭვირვალობისა და ლგბტ-კანონების გაწვევის მოთხოვნას ეხებოდა.
პაპუაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ის დგას გამჭვირვალობის კანონის უკან, ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ის დგას ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის კანონის უკან.
„პირველი, ცოტა საინტერესო არის და, მართლაც, დამაფიქრებელი არის რატომ ამახვილებენ ამ ორ კანონზე ახლა ყურადღებას არჩევნების კონტექსტში, რა კავშირი აქვს ამას საერთოდ არჩევნებთან, როგორც ჩანს ვიღაცებს ეს კანონები უფრო მეტად აინტერესებთ, ვიდრე ქართველი ხალხი, დემოკრატიული განვითარება და ასე შემდეგ. როგორც ჩანს ვიღაცებს უფრო ძალიან აწუხებთ ის, რომ მათი ფინანსები გახდება გამჭვირვალე საქართველოში და ქართველი ხალხი გაიგებს, რაში იხარჯება ესა თუ ის თანხები საქართველოში. თანხები, რომლებზეც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ არის დახარჯული და, შესაძლოა, ზოგიერთი უფრთხის იმას, რომ აღმოჩნდება, რომ თურმე ეს თანხები არ არის ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ დახარჯული და, სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც ამ მხრივ არის გაუმჭვირვალე საქართველოში.
მეორე, მე მგონი, ზოგმა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ვერ გაიგო რა თქვა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. ეს არჩევნები მათ შორის ზოგიერთმა უცხოელმაც შერაცხა რეფერენდუმად. ჩვენ ვნახეთ არნახული მასშტაბის უცხოური ჩარევა ჩვენს არჩევნებში, ვნახეთ პოლიტიკოსები და უცხოელი ჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ ერეოდნენ ქართულ არჩევნებში და მათ შორის ზოგიერთი დიპლომატი პირდაპირ ეუბნებოდა ქართველ ხალხს, რომ ხმა არ მიეცათ „ქართული ოცნებისთვის“ და ამით ჩვეულებრივ ჩარეულნი იყვნენ შიდა პოლიტიკაში გაეროს წესდებისა და ვენის კონვენციის დარღვევით.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველამ კარგად უნდა მოუსმინოს, რა თქვა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. ეს ხმა იყო საკმაოდ მჭექარე იმისთვის, რომ ვიღაცამ მოინდომოს მისი წაყრუება. ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ის დგას გამჭვირვალობის კანონის უკან, ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ის დგას ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის კანონის უკან. ეს თქვა ქართველმა ხალხმა”,- განაცხადა პაპუაშვილმა.