შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩთან ოპოზიციის შეხვედრაზე: როცა ქართველი ხალხი მათ მოწოდებებზე არ გამოდის და გვერდში არ უდგება, მიდიან უცხოელებთან

,,როცა ქართველი ხალხი მათ მოწოდებებზე არ გამოდის და გვერდში არ უდგება, მიდიან უცხოელებთან”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩთან ოპოზიციის შეხვედრას.

მისი თქმით, როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა ლეგიტიმაცია მისცეს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ყველაფერ ქართულს უარყოფს.

„აი ასეთი პარტიები გვყავს, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის დიპლომატების იმედად. ასე იყვნენ სულ, ასე არიან ახლა, ამიტომაც უთხრა ქართველმა ხალხმა უარი. აი ამ პარტიებს, რომლებიც დადიან ოფის-ოფის უცხოელებთან, ქართველი ხალხის იმედი არ აქვთ. ამიტომ იყო, რომ მათ კამპანია არც კი ჩაატარეს. დადიოდნენ ერთი საელჩოდან მეორე საელჩოში, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში, რომ ელაპარაკათ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან იმიტომ, რომ მათგან ელიან ისინი ლეგიტიმაციას და არა ქართველი ხალხისგან.
როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა ლეგიტიმაცია მისცეს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ყველაფერ ქართულს უარყოფს, რომელიც ჩვენს ისტორიას ხაზავს, რომელიც ჩვენს ეკლესიას ებრძვის, რომლისთვისაც ქართული ინტერესი არაფერი არ არის, შეუძლიათ დღესვე სხვა ქვეყნის ინტერესზე ისე გაცვლიან, როგორც არაფერი. როგორც ეს გააკეთეს 2022 წლის მარტში, როდესაც გამოვარდნენ ქუჩაში და ითხოვდნენ, რომ ქართველები გაგვეგზავნა უკრაინაში საომრად, იმიტომ რომ უკრაინის პრეზიდენტმა სთხოვა. და მათთვის უკრაინის პრეზიდენტის სიტყვას უფრო მაღალი ფასი აქვს, ვიდრე ქართველი ერის ინტერესს, საქართველოს ინტერესს და ქართველების სიცოცხლეს. პირდაპირ უნდოდათ, რომ თვითმფრინავებით გაეგზავნათ ქართველები ომში, საომრად უკრაინაში.

მათთვის საქართველო არ არის ფასეულობა. მათთვის არ არის ქართული დროშა, ქართული ჰიმნი. ვხედავთ, რა დროშებს აფრიალებენ, ვხედავთ რა ჰიმნებს მღერიან და ვხედავთ ვის კაბინეტებში და ოფისებში დადიან ეს პოლიტიკოსები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები