გურამ მაჭარაშვილი: რას ნიშნავს შოლცი და მაკრონი არ დაგვიჭერენ მხარს? მათ ვინ უჭერს მხარს? შე დალოცვილო, კოალიცია თავზე დაგემხო, რა საქართველოს არჩევნებზე ლაპარაკობ
გერმანელი ხალხი შოლცს არ უჭერს მხარს, არც საფრანგეთის მოსახლეობა უჭერს მხარს მაკრონს და მათ პოლიტიკურ ძალებს. ისინი ვის დაუჭერენ მხარს, რატომ არის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებას.
„არ ვიცი, რა გრძნობა შეიძლება დაეუფლოს ევროპის წამყვანი სახელმწიფოს ლიდერს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს საკითხს განიხილავს და მეორე დღეს კოალიცია დაეშლება და არჩევნები დაინიშნება. არ მესმის, მაკრონის, რომლის პარტიაც მეორე ადგილას გავიდა და არჩევნები დასჭირდა. შოლცის პარტია მესამე ადგილზე გავიდა და საერთოდ კოალიცია დაეშალა. ისინი რატომღაც საქართველოს არჩევნებისთვის იცლიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფარსია, მათ ავალებენ და ამიტომაც ამბობდნენ. სულ მცირე, კომიკურია – ამას ქართული და გერმანული საზოგადოება უყურებს. შე დალოცვილო, შენი მთავრობისთვის ვერ მიგიხედავს, კოალიცია თავზე დაგემხო, არჩევნები დაგენიშნა, რა საქართველოს არჩევნებზე ლაპარაკობ, როდესაც ეუთო/ოდირმა დაგიწერა, რომ აქ ნორმალური არჩევნები ჩატარდა.
საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, ბაიდენის ადმინისტრაციაც გვემუქრებოდა და ტრადიციული, ოჯახის ღირებულებების დამცავი ადამიანი მიიღეს პრეზიდენტად. რას ნიშნავს შოლცი და მაკრონი არ დაგვიჭერს მხარს? მათ ვინ უჭერს მხარს? – გერმანელი ხალხი შოლცს არ უჭერს მხარს, არც საფრანგეთის მოსახლეობა უჭერს მხარს მაკრონს და მათ პოლიტიკურ ძალებს. ისინი ვის დაუჭერენ მხარს, რატომ არის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი? აშშ-ში დადასტურდა, რომ ამერიკელი ხალხის ნებას არ გამოხატავდა ბაიდენის ადმინისტრაცია, იგივეა მაკრონთან და შოლცთან დაკავშირებით. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ 54%-ით დაუჭირა მხარი. ამ კანონების უკან ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა დგას, კეთილი ინებონ და პატივის სცენ ქართულ საზოგადოებას და თავის საქმეს, თავის სახელმწიფოს მიხედონ. ჩვენ გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალური დამოკიდებულება. ევროკავშირსაც, აშშ-საც და საქართველოსაც გვინდა, ვიყოთ სუვერენულები და ერთმანეთთან პარტნიორული ურთიერთობები გვქონდეს. ეს არის ჩვენი მიზანი“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.