გურამ მაჭარაშვილი: ამ კანონების უკან დგას ქართული საზოგადოება – ყველამ ნება იბოძოს და თავის საქმეს და სახელმწიფოს მიხედოს
“ამ კანონების უკან დგას ქართული საზოგადოება. ყველამ ნება იბოძოს და პატივი სცეს ქართული საზოგადოების გადაწყვეტილებას და თავის საქმეს და სახელმწიფოს მიხედოს”, – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” და “ოჯახური ღირებულებების შესახებ” კანონების გაუქმების თაობაზე საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის პირველი პირების მოთხოვნას.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა სურს და არა ვასალური დამოკიდებულება.
“ეს ორივე კანონი საქართველოს პარლამენტმა რომ მიიღო, ამას დაეთანხმა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც მისცა ხმა 54%-იანი მხარდაჭერით “ქართულ ოცნებას”. ეს კანონები რომ არ უნდოდეს ქართულ საზოგადოებას, 1 მილიონ 200 ათას ხმას ხომ არ მისცემდა “ქართულ ოცნებას”? ამ კანონების უკან დგას ქართული საზოგადოება. ყველამ ნება იბოძოს და პატივი სცეს ქართული საზოგადოების გადაწყვეტილებას და თავის საქმეს და სახელმწიფოს მიხედოს. ჩვენ გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალური დამოკიდებულება”, – აცხადებს მაჭარაშვილი.