საზოგადოება „ქართული“: განვლილი წლები გვასწავლის, რომ ბოიკოტი და არჩევნების შედეგების არაღიარება არის ქართული პოლიტიკური კლასის უმწიფრობის შედეგი, რასაც გარე ძალები იყენებენ პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევისთვის
“განვლილი წლები გვასწავლის, რომ ბოიკოტი და არჩევნების შედეგების არაღიარება არის ქართული პოლიტიკური კლასის უმწიფრობის შედეგი, რასაც გარე ძალები ხშირად იარაღად იყენებენ ქართულ პოლიტიკაში ქაოსის დათესვისა და ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევისთვის”, – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში წერია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაღიარება და ბოიკოტი გარედან იმართება.
„სამწუხაროდ, წარმატებული თუ წინა მარცხიანი მაგალითები ქართული ოპოზიციური სპექტრისთვის არ გადაზრდილა გამოცდილებაში, რადგან ოპოზიციური ველი მთლიანად მონოპოლიზებული აღმოჩნდა გარედან მართული რადიკალური და რევანშისტული ნაციონალური მოძრაობის მიერ. თუმცა, ისტორია მასაც ისე ექცევა, როგორც ყველა სხვა რადიკალს – მუდმივი დესტრუქციის, სიძულვილის ენის, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისა და საკუთარი ამომრჩევლისადმი უპატივცემულობის შედეგად 2020 წლის შემდეგ ეს პარტია გაიხლიჩა, 2024 წლის არჩევნებში კი საკუთარმა განაყოფმა აჯობა და ნაციონალური მოძრაობა საბოლოოდ დასრულდა, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა.
განვლილი წლები გვასწავლის, რომ ბოიკოტი და არჩევნების შედეგების არაღიარება არის ქართული პოლიტიკური კლასის უმწიფრობის შედეგი, რასაც გარე ძალები ხშირად იარაღად იყენებენ ქართულ პოლიტიკაში ქაოსის დათესვისა და ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევისთვის. ეს გარე ძალები შემდეგ თავად გვევლინებიან მომრიგებლის როლში. ასე მოხდა 2020 წელს, როდესაც ოპოზიცია ახალარჩეულ პარლამენტს არ აღიარებდა, რის გამოც ქართულ პოლიტიკაში მთავარი ფიგურები გახდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები.
ფაქტია, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაღიარება და ბოიკოტი კვლავ გარედან იმართება „ოცნების“ მხრიდან მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო. შესაბამისად, უცხოური ინსტრუქციების ბრმად შემსრულებელი პოლიტიკური ლიდერების ქმედებაში სახელმწიფოებრივად არც ლოგიკა ჩანს და არც საღი აზრი“, – ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაში.