“რისკჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინაცია ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე საჭიროა” – პაატა იმნაძე
“რისკჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინაცია ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე საჭიროა. ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ ყველას, რომ მაქსიმალურად დაცულები იყვნენ, განსაკუთრებით ბავშვები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “რუსთავი2”-ის “შუადღის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ვაქცინაციის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინის “ამუშავებას” 10 დღიდან 2 კვირამდე ვადა სჭირდება.
“ვაქცინის გაკეთება ყოველთვის შეიძლება სეზონის განმავლობაში, ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ, როცა უკვე გრიპის ვირუსი მასშტაბურად ცირკულირებს, დღეს რომ გაიკეთო და ხვალ ავად გახდე, არ უნდა თქვა, რომ ვაქცინამ არ იმუშავა. ვაქცინამ რომ იმუშაოს და დაიწყოს დაცვა, სჭირდება დაახლოებით, 10 დღე – 2 კვირა,” – ამბობს იმნაძე.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო.