საქსტატი – ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.3 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 14.4 პროცენტით მომატებულია როგორც ფეხსაცმლის, ისე 3.8 პროცენტით ტანსაცმლის ქვეჯგუფებზე; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-5.3 პროცენტი), თევზეული (-2.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.3 პროცენტი); ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადად შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.6 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები