ლევან დავითაშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებას მთავრობა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებას მთავრობა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა მათ შორის აქცენტი იმ ენერგეტიკულ პროექტებზე გააკეთა, რომლებიც ქვეყანაში გენერაციის გაზრდას უკავშირდება და უზრუნველყოფს. მისი შეფასებით, განახლებადი ენერგიების კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, რომ ეს პოტენციალი არ იყო სრულად ათვისებული, თუმცა, ბოლო წლების საკმაოდ აქტიური პოლიტიკის შედეგად დავინახეთ მნიშვნელოვანი დაინტერესება ინვესტორების მხრიდან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ განახლებად წყაროებში – როგორც ჰიდროელექტროენერგიის, ისე ქარისა და მზის მიმართულებით. ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ბოლო წლების განმავლობაში გადამცემი ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმზიდველი ფაქტორი ინვესტორებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია გადამცემი ინფრასტრუქტურა მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის ევროკავშირთან პირდაპირი დაკავშირებადობა, რაც უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს ენერგოსისტემას“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპის შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მომავალ წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუმცა, ძალაშია მთავრობის ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ენერგოსექტორი არათუ სრულად დააკმაყოფილებს შიდა მოხმარებას გაზრდილი მოთხოვნის პირობებშიც, არამედ საექსპორტო პოტენციალი გვექნება. მისი ინფორმაციით, ამისთვის კერძო ინვესტორებთან განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე არაერთი შეთანხმებაა და უკვე 2025 წლიდან ქვეყანას მნიშვნელოვანი სიმძლავრეები შეემატება.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც ლევან დავითაშვილმა დეტალურად ისაუბრა, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროექტებია, მათ შორის მან აქცენტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საზოგადოებამ უკვე იხილა პროგრესი პორტის მშენებლობის კუთხით. მისი თქმით, მთავრობა თანმიმდევრულად ახორციელებს პროექტს – მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ქვეყნის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით.

„იყო სპეკულაციები, რომ ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ დაანონსდა და ვერ განხორციელდა. 2022 წელს ჩვენ უკვე ახალი კანონმდებლობის შესაბამისად – ეს არის კერძო-საჯარო თანამშრომლობის ახალი კანონმდებლობა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში შეიქმნა და ევროპის უმაღლეს სტანდარტებს ითვალისწინებს, დავიწყეთ პროცესი და ის კანონმდებლობის ვადების შესაბამისად მიმდინარეობს. ასე რომ, დათქმულ ვადებზე უფრო სწრაფად გვექნება საშუალება, რომ პორტი ოპერირებადი გახდეს“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება ინვესტიციები მნიშვნელოვან საჯარო ინფრასტრუქტურაში, რომელიც დაკავშირებადობას უწყობს ხელს, – ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც ლევან დავითაშვილმა გააკეთა აქცენტი. საუბარი შეეხება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს, ჩქაროსნულ მაგისტრალებს და სხვა სატრანსპორტო პროექტებს, მათ შორის ავიასექტორში, რომლებიც ქვეყნის ლოგისტიკურ პოტენციალს გაზრდის. მინისტრის განცხადებით, ინტენსიურად მიმდინარეობს საქართველოს აეროპორტების, მათ შორის ქუთაისის აეროპორტის, ასევე ვაზიანში სრულიად ახალი სააეროპორტო კლასტერის განვითარების პროექტები. მისი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის განვითარების პროექტი ორიენტირებულია 5 მილიონზე მეტ მგზავრზე – შემდეგ წლებში გაზრდილი მგზავრთნაკადის შესაბამისად. ვაზიანის პროექტის შემთხვევაში კი საუბარი 18-19 მილიონიან მგზავრთნაკადს შეეხება.

„ეს არ არის მხოლოდ ტურისტებზე გათვლილი, თუმცა ტურიზმის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – გვქონდეს ასეთი ინფრასტრუქტურა და პირდაპირი კავშირები სხვადასხვა პოტენციურ ბაზართან. ასევე ეკონომიკის ზრდასთან ერთად მობილობა იზრდება ქვეყნის შიგნით და ამ მობილობას უნდა ემსახურებოდეს ინფრასტრუქტურა. ამიტომ როცა ვსაუბრობთ ეკონომიკურ განვითარებაზე, სამიზნე მაჩვენებლებზე, პარალელურად ვახსენებთ კონკრეტულ პროექტებსაც, რაც ამ განვითარების ნაწილია. საჭიროა, რომ ეკონომიკურ განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურა დახვდეს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები