მსოფლიო ბანკმა საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვის და აღსრულების მაღალი სტანდარტისთვის დააჯილდოვა

მსოფლიო ბანკმა საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვის და აღსრულების მაღალი სტანდარტისთვის დააჯილდოვა. ამასთან დაკავშირებით “კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“მინდა, მნიშვნელოვან საკითხს შევეხო: ჯილდოს, რომელიც მსოფლიო ბანკისგან მივიღეთ. ეს სექტემბერში იყო. “კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო“ საერთაშორისო ქსელის წევრია, რომელიც მსოფლიოში 80-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, რომელთაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის აქტიური აღსრულების პოლიტიკა აქვთ. ამ ქსელს ჰქვია “მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელი” (ICPEN). ყოველწლიურად ჩვენ საერთაშორისო კონფერენციებში ვმონაწილეობთ. ეს ძალიან კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ გავცვალოთ “ქეისები”, სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, ამ კუთხით უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილება მივიღოთ. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამკვირვებელი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკია, რომელიც ყოველწლიურად მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნებს აფასებს. 2024 წელს 3 ძირითადი ნომინაცია იყო წარმოდგენილი, ერთ-ერთ ნომინაციაში, რომელიც ეხებოდა “ქეისის” ეფექტიანად მართვას და აღსრულებას, საქართველო და “კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო“ საუკეთესოდ და გამარჯვებულად იქნა მიჩნეული. სამი ძირითადი გამარჯვებული ქვეყანა იყო, ერთ-ერთი მათ შორის საქართველოა. ვფიქრობ, 2 წლის ორგანიზაციისთვის, რომელსაც აღსრულების პოლიტიკა აქვს, ეს საკმაოდ დიდი აღიარებაა. ამ კუთხით ჩვენ ძალიან მოტივირებულები და ამაყები ვართ, რომ აღნიშნული ჯილდო მივიღეთ და მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად სამომავლოდაც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას” – განაცხადა ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები