2024 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის (GII) რეიტინგში საქართველო 8 პოზიციით დაწინაურდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გამოაქვეყნა 2024 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის რეიტინგი, სადაც საქართველო შარშანდელ მაჩვენებელთან (65-ე ადგილი) შედარებით, 8 პოზიციით დაწინაურდა და 60 საუკეთესო ქვეყანას შორის 57-ე ადგილზეა წარმოდგენილი. გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII) მსოფლიო ეკონომიკის ინოვაციური შესაძლებლობებისა და შედეგების რეიტინგია, რომელიც მსოფლიოს 133 ქვეყნის ეკონომიკას ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით აფასებს. კვლევის მიზნებისთვის ქვეყნების შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმით ხდება, მათ შორის, ფასდება ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორებიცაა: სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე, ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხი, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული გარემო, ასევე, შემოქმედებითი შედეგები, ცოდნის შექმნა და გავრცელება. ინდექსი შექმნილია იმისათვის, რომ რაც შეიძლება სრულად ასახოს ინოვაციების სფეროს სურათი. ის მოიცავს დაახლოებით 80 მაჩვენებელს, მათ შორის, პოლიტიკურ გარემოს, განათლების, ინფრასტრუქტურისა და ცოდნის შექმნის მაჩვენებლებს.

გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII) ეფუძნება ინოვაციურობის ყოვლისმომცველ ანალიზს ორი ქვე-ინდექსის მიხედვით: პირველი – ინოვაციური დანახარჯები (Innovation Input Sub-Index), რომელიც ქვეყანაში ინოვაციების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას გულისხმობს და მეორე – ინოვაციური პროდუქტები (Innovation Output Sub-Index), რომელიც მოიცავს ინოვაციის ტრანსლაციას გენერირებული ცოდნიდან კონკრეტულ შედეგამდე. ეს შეიძლება იყოს ახალი ტექნოლოგია, უნიკალური დიზაინი, გაუმჯობესებული მეთოდი, რომელიც პრობლემის ახალ, უფრო ეფექტიან გადაჭრის გზას გვთავაზობს. თითოეული ქვე-ინდექსი აგებულია ძირითადი კომპონენტების მიხედვით და შეფასება ეყრდნობა 80-მდე ინდიკატორს 8 თემატური კატეგორიის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მონაცემები 2024 წელს გაუმჯობესდა ორივე ქვე-ინდექსის შემთხვევაში.

გლობალური ინოვაციების ინდექსის შესაბამისად, 2024 წლის საქართველოს შედეგები, ცხადყოფს ქვეყნის დაწინაურებას ეკონომიკური და ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით, რაც ასახულია სხვადასხვა კომპონენტში ქულების გაუმჯობესებით, კერძოდ 8 ძირითადი კომპონენტიდან 7-ის მონაცემები საგრძნობლად გაუმჯობესდა, მათ შორის, ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: ბიზნესგარემო, ადამიანური კაპიტალი, შემოქმედებითი/კრეატიული პროდუქტები და ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები