თამარ ჩიბურდანიძე: დაცემიდან ამაღლებამდე სინანულის და მიტევების გზა გვაქვს გასავლელი. ამ გზას ერთად გავივლით ჩვენ და აფხაზები 

„დღეს აფხაზებიც და ქართველებიც განწირულნი ვართ ომისთვის, თუკი მშვიდობა არ შევინარჩუნეთ,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე. 

მისივე თქმით, მშვიდობის არ შენარჩუნების შემთხვევაში ქართველ და აფხაზ ეთნოსებს სრული განადგურება ემუქრება.

„დღეს სოხუმის დაცემის დღეა! დღეს ჯვრათამაღლებაა!

ალბათ ეს შემთხვევითი არ არის. თითქოს რა ახლოსაა ეს თარიღები ერთმანეთთან, არადა, რა დიდი მანძილია მათ შორის. სოხუმის დაცემა არის უდიდესი ტკივილის დღე, ჯვართამაღლება კი უდიდესი იმედის. დაცემიდან ამაღლებამდე სინანულის და მიტევების გზა გვაქვს გასავლელი და ამ გზას აუცილებლად გავივლით ერთად ჩვენ და აფხაზები. ეს იქნება გმირების ხსოვნა, რომლებიც სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

დღეს აფხაზებიც და ქართველებიც განწირულნი ვართ ომისთვის, თუკი მშვიდობა არ შევინარჩუნეთ. ეს არ იქნება ისეთი ომი, რაც იყო 90-იან წლებში. ეს იქნება ჩვენი ეთნოსების სრული განადგურება. ამიტომ, ორივე მხარემ უნდა გავითავისოთ ეს საფრთხე და გადავდგათ ის ნაბიჯი, რაც ერთმანეთთან დაგვაახლოებს. თუკი წლების წინ ერთმანეთს ვებრძოდით სხვისი ინტერესებისთვის, დღეს ერთად უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი ინტერესებისთვის მხოლოდ მშვიდობით.

ურთულეს პერიოდში გვიწევს ცხოვრება. დღეს მშვიდობიანი ომი გვაქვს გარე ძალებთან, ვისაც სურს საქართველო მუდმივად მისი მორჩილი იყოს. მათ მიზნებში არ შედის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს რომ მათ სდომოდათ, საკმარისი დრო ჰქონდათ ამისთვის. ახლა ჩვენვე ვალაგებთ ჩვენსავე პოლიტიკას და მჯერა, მალე დადგება ის დღე, როდესაც ჯვართამაღლებას ერთად ვიზეიმებთ ქართველები და აფხაზები,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები