რატი ბრეგაძე: პოლიტიკური კამპანიის ნაწილიც არის ის, რომ მოსახლეობას ყოველთვის ავუხსნათ და შევახსენოთ, რა საშინელი და საზარელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ომს

“რა თქმა უნდა, პოლიტიკური კამპანიის ნაწილიც არის ის, რომ მოსახლეობას ყოველთვის ავუხსნათ და შევახსენოთ, რა საშინელი და საზარელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ომს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საიდუმლო არაა, რომ არჩევანი გასაკეთებელია ომსა და მშვიდობას შორის.

„როდესაც არსებობენ ძალები, ვინც ქართველ ხალხს და საქართველოს პირდაპირ მოუწოდებს, რომ საომარ მოქმედებებში ჩაერთოს და სურთ, ქართული ქალაქები იბომბებოდეს, მოსახლეობამ ბრძნული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს. საიდუმლო არაა, რომ არჩევანი გასაკეთებელია ომსა და მშვიდობას შორის.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველო საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფება. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფო გახვეულია ცეცხლის ალში. სამწუხაროდ, ამ ომს ათიათასობით სრულიად უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. ეს არის ძალიან დიდი ადამიანური ტრაგედია.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენი მოსახლეობა სამშვიდობოზე გავიყვანოთ და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ. ამისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის შენარჩუნების საქმეში თავისი წვლილი საქართველოს მოსახლეობამ უნდა შეიტანოს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური კამპანიის ნაწილიც არის ის, რომ მოსახლეობას ყოველთვის ავუხსნათ და შევახსენოთ, რა საშინელი და საზარელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ომს”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ქუჩებში “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ნაგებობებია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები