ლევან მაჭავარიანი: ჩვენ პირობებში მშვიდობა გარანტირებულია

მმართველი გუნდის წევრი ლევან მაჭავარიანი “ქართული ოცნების” ბანერზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” მშვიდობის გარანტია.

„ბანერებზე ასახულია ორი მოცემულობა: ერთ მხარეს არის მოცემულობა, როდესაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო, რა დღეში აღმოაჩენდა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია ქვეყანას. ჩვენ გვინდა რომ მოსახლეობას ეს ყველაფერი შევახსენოთ. მეორე მხარეს არის ის მოცემულობა, რაც მშვიდობის პირობებშია. მშვიდობის გარანტია სწორედ “ქართული ოცნება” და ჩვენ მიერ ბოლო 2 წელიწად-ნახევარში გადადგმული ნაბიჯები. ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდა იმაში, რომ “ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს და როდესაც ასეთი გამოწვევებია მსოფლიოში და რეგიონში, “ქართული ოცნება” არის ერთადერთი ისეთი ხელისუფლება, ვის პირობებშიც ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა ექნება. კრიტიკა გასაგებია. ისინი რა თქმა უნდა, გაღიზიანდნენ იქიდან გამომდინარე, რომ რატომღაც ჰგონიათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მოკლე მეხსიერება აქვთ. დაახლოებით 1 თვის წინ უკვე ამ თემასთან დაკავშირებით “დაატრიალეს პლასტიკა”. მოსახლეობაში იმ მესიჯბოქსით გავიდნენ, რომ “ჩვენ არ გვინდა ესკალაცია, უნდა ვაწარმოოთ ფრთხილი პოლიტიკა, რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ” და მათ დაადასტურეს ის, რაც ჩვენ საქმით ვაკეთეთ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი წნეხი მოდიოდა როგორც ოპოზიციის, ასევე “ენჯეო” სექტორის და უცხოელი აქტორების მხრიდან. რატომღაც მათ იფიქრეს, რომ შეცვლილი რიტორიკით ჩვენს მოსახლეობას დაავიწყებდნენ მათ წინა ქმედებებს და განცხადებებს. რა თქმა უნდა, ჩვენმა მოსახლეობამ ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზროს. აუცილებლად იმასაც უნდა დაედოს ფასი, ჩვენ რა გზა გამოვიარეთ რომ ეს მშვიდობა შეგვენარჩუნებინა.

ჩვენ პირობებში მშვიდობა გარანტირებულია. ამაზე ის სტატისტიკაც მეტყველებს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად არის 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა. არქივი არსებობს, გადაახვიონ და ნახონ რა მოწოდებები იყო თუნდაც ოპოზიციის და უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან. დახურულ კარს მიღმაც იყო საუბრები, რაზეც ჩვენ ღიად არ ვსაუბრობთ და შესაბამისად, ეს ბანერები ამას ასახავს”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ქუჩებში “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ნაგებობებია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები