გია ვოლსკი: არ შეიძლება, არჩევნებში მოიგოს იმ ძალამ, რომელიც თავისი ქვეყნისა და ხალხის პირად ინტერესს უპირისპირდება  

მმართველი გუნდის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, არ შეიძლება, არჩევნებში მოიგოს იმ ძალამ, რომელიც თავისი ქვეყნისა და ხალხის პირად ინტერესს უპირისპირდება.

მისივე თქმით, ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვება წარმოუდგენელია.

„ჯერ არჩევნებში უნდა გაიმარჯვონ, რაც წარმოუდგენელია. არ შეიძლება, არჩევნებში მოიგოს იმ ძალამ, რომელიც თავისი ქვეყნისა და ხალხის პირად ინტერესს უპირისპირდება, გინდ ოპოზიციის მხარდამჭერი იყოს, გინდ უმრავლესობის. ნებისმიერ ოჯახში შევა უბედურება, როგორც კი არჩევნებში გაიმარჯვებს ისეთი ძალა, როგორიც „ნაცმოძრაობაა“. აქედან გამომდინარე, პერსპექტივა არ აქვს, რა ტექნიკურ თუ არატექნიკურ მთავრობაზე ლაპარაკობენ, გაუგებარია, მაგრამ ამ დოკუმენტის შინაარსი, მისწრაფება და პათოსი მიმართულია ნგრევისკენ, არასტაბილურობისკენ, რევოლუციური პროცესის განვითარებისა და საზოგადოებაში დაპირისპირების სხვადასხვა უბნის შექმნისკენ. გადაიკითხეთ ქარტია, რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა, რამდენი ხანი უნდა არსებობდეს, რა ამოცანა ექნება, რა გაწმენდაზეა ლაპარაკი და რა რიგგარეშე არჩევნებზე. ეს ყველაფერი ხომ რყევას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმ საფუძვლების შერყევას, როდესაც პატარა სახელმწიფოს მცირე რესურსებით თავის გადარჩენის ამოცანა უდგას წინ. ეს არის მავნებლობა და ამ მავნებლობას სათავეში უდგას ქარტიის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, რომელსაც შეუერთდა პრაქტიკულად ყველა და შექმნეს ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ოღონდ ამჯერად არა სააკაშვილის, არამედ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები