ილია დარჩიაშვილი: სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ – ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სხვადასხვა მიმართულებით უვიზოდ გადაადგილება

სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სხვადასხვა მიმართულებით უვიზოდ გადაადგილება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა პასუხისმგებელ პირს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი არის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სხვადასხვა ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილება. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები იმოგზაურებენ სავიზო შეზღუდვების გარეშე ხსენებულ რეგიონში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ჩვენს მოქალაქეებს იმისთვის, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ და მეორეს მხრივ, ჰონგ კონგი არის ძალიან ძლიერი ფინანსური ცენტრი და ეს რა თქმა უნდა, დაეხმარება ჩვენს ბიზნეს წარმომადგენლებს, ბიზნეს სექტორს იმისთვის, რომ ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე იმოგზაურონ ჰონგ კონგში. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პასუხისმგებელ პირს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ უვიზო მიმოსვლა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ გადაადგილება და ასევე, ხელი შევუწყოთ, რომ თავისუფლად შეძლონ სასურველი მიმართულებით მოგზაურობა. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. გვაქვს დიდი ნუსხა, ქვეყნების, სადაც ჩვენი მოქალაქეები შეზღუდვების გარეშე მოგზაურობენ და მომავალში  გაგრძელდება ჩვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გადაადგილდნენ საქართველოს მოქალაქეები შეზღუდვების გარეშე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები