შალვა პაპუაშვილი: ამერიკის კონგრესს თუ სენატს არც ლეგიტიმაცია აქვს ამის და არც რაიმე სხვა უფლებამოსილება, რომ ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს

აშშ-ის სენატსა და კონგრესს არანაირი ლეგიტიმაცია და უფლება არ აქვს, ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართველი ხალხის აქტი“ თუ იქნება მიღებული, ისურვებდა რომ სენატმა გამოიძიოს, როგორ იყვნენ ჩართული 2020 წლის არჩევნებით მანიპულაციაში აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ვფიქრობ, არასწორია, როდესაც უცხო ქვეყნის პარლამენტი ეფარება მეორე ქვეყნის ხალხს. ამერიკის კონგრესს თუ სენატს არც ლეგიტიმაცია აქვს ამის და არც რაიმე სხვა უფლებამოსილება, რომ ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს. რისი ლეგიტიმაციაც აქვს სენატს, ეს არის, გამოიძიოს 2020 წელს როგორ იყო ჩართული არჩევნებით მანიპულაციაში ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს გამოძიება ვალად ადევს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას ქართველი ხალხის წინაშე.

„ქართველი ხალხის აქტი“ თუ იქნება მიღებული, ვისურვებდი, მისი პირველი პუნქტი იყოს კონგრესის, სენატის მიმართ დავალება, გამოიძიონ, რა როლი ჰქონდა „იუესაიდს“ (USAID) 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში; რა როლი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელ ელჩს ამ მანიპულირებული შედეგების არგავრცელებაში. ეს არის, რაც უნდა გააკეთოს სენატმა, ეს ვალი აქვს ქართველი ხალხის მიმართ, ამიტომ ნუ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. ქართველი ხალხისთვის სიკეთე თუ სურთ, გამოიძიონ, რა მხრივ იყო ჩართული ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მანიპულაციაში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები