მთავრობა საგადასახადო სანქციების ოპტიმიზაციას გეგმავს
მთვარობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტის თანახმად, მთავრობა საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით, გადასახადების ადმინისტრირების გამარტივებას, საგადასახადო სანქციების ოპტიმიზაციას, ცალკეული კატეგორიის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადების ეტაპობრივად შემცირებას აპირებს.
პროექტის “საქართველო 2020”, რომელიც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა უკვე გამოაქვეყნეს შეფასებით ნაწილში, აღნიშნულია, რომ 2004 წლიდან საქართველოში ეკონომიკის ლიბერალიზაციისკენ მიმართული რეფორმების ტალღა დაიწყო და რეფორმების შედეგად, აღმოიფხვრა ბიუროკრატიული ბარიერები, შემცირდა საგადასახადო ტვირთი.
მთავრობა იმასაც აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ანგარიშის (Doing Business 2014) მიხედვით, საქართველო ბოლო წლებში ერთ-ერთ მოწინავე რეფორმატორ ქვეყნად იქნა აღიარებული. ამჟამად, ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივის მაჩვენებლით 185 ქვეყანას შორის მე-8 ადგილს იკავებს.
“მიუხედავად ამისა, რჩება რიგი პრინციპული ხასიათის პრობლემები ცალკეულ სფეროში, რაც ხელს უშლის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. დღეისათვის კვლავ პრობლემად რჩება ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა. ასევე, გამოწვევად რჩება გადახდისუუნარობასთან, კომერციული დავების გადაჭრასა და ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. არსებული სირთულეები საერთო ჯამში აუარესებს სამეწარმეო გარემოს, ამცირებს ინვესტორთა ნდობას და ნაკლებეფექტიანს ხდის სხვა სფეროებში ჩამოყალიბებულ ქმედით მექანიზმებს. მაგალითად, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ანგარიშში (Doing Business 2014) საქართველოს უკავია პირველი ადგილი მსოფლიოში ქონების რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით, თუმცა, ამის მნიშვნელობა ეცემა, თუ საკუთრების უფლება არ არის სათანადოდ დაცული და ამასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები სწრაფად არ გვარდება”, – ნათქვამია სტრატეგიის პროექტში.
სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს კუთხით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, დოკუმენტში მითითებულია გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 2013-2014 წლის მონაცემები, სადაც საქართველოს შემდეგი მაჩვენებლები აქვს: საკუთრების უფლებების დაცვა – 120-ე ადგილი; დავების გადაჭრის სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობა – 92-ე; ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტიანობა – 138-ე; ადგილობრივი კონკურენციის ინტენსივობა – 123-ე; ბაზარზე დომინირების მასშტაბები – 119-ე.
მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესება ასევე ასახულია მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ანგარიშში, რომლის მიხედვით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, თუმცა როგორც მთავრობა აღნიშნავს, ამ კუთხით ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული მიმართულებები, სადაც მდგომარეობას გაუმჯობესება სჭირდება. მაგალითად, გადახდისუუნარობასთან და კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული საკითხები. ეს სისუსტეები ასახულია ბიზნესის კეთების ანგარიშში, რომლის მიხედვით საქართველოს შემდეგი პოზიციები უკავია: გადახდისუუნარობის პროცედურები – 88-ე ადგილი; კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების დონე – 33,6%, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში საშუალო მაჩვენებელი არის 37,1%, ხოლო OECD-ის წევრ ქვეყნებში საშულოდ – 70.6%.
“სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურად მიმზიდველი სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შესანარჩუნებლად. ამისთვის აუცილებელია რიგი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელება, მათ შორის, სასამართლო სისტემის გაძლიერების ხელშეწყობა. ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ერთ-ერთი პირობაა სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, განსაკუთრებით კი – საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით. მთავრობა უზრუნველყოფს ბიზნეს ინტერესებში არალეგიტიმური ჩარევის დაუშვებლობას. აღნიშნულ სფეროში მთავრობის მიზანს წარმოადგენს არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა დღეისათვის მიღწეული შედეგების შენარჩუნებით” – ნათქვამია სტრატეგიის პროექტში – “საქართველო 2020”.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ბიზნესის დაწყების და წარმოებისთვის ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას, საჯარო მმართველობის გამჭვირვალეობას და იქნება საკუთრების უფლების დაცვის მთავარი გარანტორი.
“საქართველოს მთავრობა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებით, ასევე ადმინისტრირების გაუმჯობესებით უზრუნველყოფს რეფორმების ეფექტიან განხორციელებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. მთავრობის საგადასახადო პოლიტიკა უზრუნველყოფს კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისათვის, ასევე, ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის, მიმზიდველი და სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნას. საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, განხორციელდება საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. მინიმიზირებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა. გადასახადის გადამხდელის ყველა ძირითადი ვალდებულება განისაზღვრება მხოლოდ კანონით. გამარტივდება გადასახადის ადმინისტრირება და განხორციელდება საგადასახადო სანქციების ოპტიმიზაცია. მოხდება ცალკეული კატეგორიის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. ეტაპობრივად შემცირდება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები. სახელმწიფოს და ბიზნესს შორის სამართლებრივი ურთიერთობა დაეფუძნება თანასწორობის პრინციპებს” – ასეთია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, 2020 წლამდე მთავრობის მიერ დასახული ამოცანები.