“სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან სხვადასხვა მიზეზის გამოყენებით ხდება დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების გამძაფრება” – ბოჭორიშვილი

“სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან სხვადასხვა მიზეზის გამოყენებით ხდება დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების გამძაფრება. ამ დროს, რთულია, ვისაუბროთ ურთიერთობების გადახედვაზე, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის”, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„საქართველოს გაცხადებული პოლიტიკა აქვს და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებში არასოდეს დაუმალავს, რა არის ჩვენი პრიორიტეტები. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებაა ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება. არაერთხელ დავასახელეთ ამ ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტული ნიშნულებიც კი, რა შეიძლება იყოს აღქმული ურთიერთობების გადახედვაში, გაძლიერებაში და ა.შ. თუმცა, რასაც ვხედავთ, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან სხვადასხვა მიზეზის გამოყენებით ხდება დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების გამძაფრება. ამ დროს, ძალიან რთულია, ვისაუბროთ ამ ურთიერთობების გადახედვაზე, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის.

რაც შეეხება თავად სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებს, ჩვენ საუბარი გვაქვს დიდ ძალებზე, დიდ ძალასთან მათ პოლიტიკაზე. ჩვენ ვერ მოვახდენთ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე გადამწყვეტ გავლენას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც არსებობს კითხვის ნიშნები და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტული პრიორიტეტები რეგიონში საქართველოსთან მიმართებით და რატომ ხდება სხვადასხვა მიზეზით ამ ურთიერთობების მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებას აბსოლუტურად განსხვავებული სურვილი აქვს. სურვილი, რომელიც გაცხადებულია და ურთიერთობების უფრო გაღრმავებას მოიცავს და არა პირიქით“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები