ალექსანდრე რაქვიაშვილი: „ლელოს“ და გახარიას კონკრეტული იდეები არ აქვთ, ბელადების პარტიები არიან – მხარს ვუჭერთ მათ გაერთიანებას, ერთი უიდეო პარტიით ნაკლები იქნება პოლიტიკურ ველზე

მხარს ვუჭერთ „ლელოს“ და გახარიას გაერთიანებას, ერთი უიდეო პარტიით ნაკლები იქნება პოლიტიკურ ველზე, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება უფრო გაუმარტივდება,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ და გახარიას კონკრეტული იდეები არ აქვთ, ბელადების პარტიები არიან, თუმცა “ლელოს” ფული აქვს, გახარიას კი არა.

„პრეზიდენტი სწორ პოზიციას იკავებს და მადლობელი ვიქნები, თუ ამ მიზანს მიაღწევს. „ლელოს“ და გახარიას არანაირი განსაკუთრებული და კონკრეტული იდეები არ აქვთ, არანაირი პოზიციები, ბელადების პარტიები არიან, მაგრამ „ლელოს“ ფული აქვს და გახარიას – არა. ამიტომ თავიანთ ეგოს თუ დაძლევენ, თუნდაც პრეზიდენტის მეშვეობით, და გაერთიანდებიან, შანსი მაინც ექნებათ, რომ ბარიერი გადალახონ და ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, ერთი უიდეო პარტიით ნაკლები იქნება ჩვენს პოლიტიკურ ველზე და ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება გაუმარტივდება. საბოლოო ჯამში, სამი პარტიაა, მიშას პარტია, ბიძინას პარტია და „გირჩი“. ეს სურათი დგება რეალურად ახლაც და ძალიან კარგია, რომ ასე ხდება“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია. პრეზიდენტის სასახლეში მისვლამდე ხაზარაძესა და გახარიას შორის შეხვედრა ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები