გიორგი გახარია: ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები თავის გუნდთან

“ჩემი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო – კიდევ ერთი დღე”, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გახარიას თქმით, მისი გუნდი სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის პარტიულ ინტერესებზე მაღლა აყენებს.

“მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს იმიტომ, რომ მე აქ პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, რომელზეც ჩვენ უარის თქმის უფლება არ გვქონდა და რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ. რა თქმა უნდა, მადლობა მამუკა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. არ მინდა ბევრ დეტალზე ვისაუბრო, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები თავის გუნდთან.

ეს არის მიზეზი, რის გამოც გადაიდო მოლაპარაკებები, ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე. მე და ჩემი გუნდი ყოველთვის, ყოველ დღე სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, რასაც ვაკეთებთ დღესაც, ამიტომ ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე”, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მან პარტიების ლიდერები კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიპატიჟა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები