მამუკა ხაზარაძე: გახარიასთან შევთანხმდით, გავაკეთოთ სრული მობილიზაცია

“მიუხედავად ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და “ქართული ოცნება,” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან”, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.

“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე, მადლობა გიორგის. ჩვენ შევხვდით პირისპირ, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, ვისაუბრეთ წარსულზე, მაგრამ, რაც მთავარია, ვისაუბრეთ მომავალზე. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი საშიშროება, ეს არის ან რუსული არჩევანი ან ჩვენი თავისუფლების ევროპული არჩევანი, აქედან გამომდინარე, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და “ქართული ოცნება,” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ძალიან სწრაფად ქვეყანა დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე.

ჩვენ შორის დაპირისპირება რომ იყო, ამას არ უარვყოფ. დაპირისპირება იყო, თქვენ გახსოვთ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, ეს არის ანაკლია. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ანაკლია აუცილებლად უნდა აშენდეს ევროპული და ამერიკული ინვესტიციებით. რა თქმა უნდა, ჩინელებიც შეიძლება იყვნენ ამ პროექტში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომელზეც არის თანხმობა და აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი. ეს არ არის ვინმეს პროექტი, ეს არის ქვეყნის პროექტი. ჩვენ ვნახეთ, რომ 5 წელია, გაჩერებულია და „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ეს პროექტი. თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს, ეს არის შეთანხმების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები