“ამ უკიდურესად კომპლექსურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიული მნიშვნელობა უდავოა” – ბოჭორიშვილი

“ამ უკიდურესად კომპლექსურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიული მნიშვნელობა უდავოა. წარმატების მისაღწევად ჩვენ სამართლიანი და შედეგებზე ორიენტირებული გაფართოების პროცესი გვჭირდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გაძლიერება არის ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში.

“ჩვენ კარგად ვიცით, რა არის რუსული აგრესია. გამოცდილი გვაქვს, რამდენად რთულია ქვეყნის ტრანსფორმაცია, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, როცა რუსეთის მიერ გრძელდება საქართველოს რეგიონების ოკუპაცია.

მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ ხელშესახები პროგრესის მიღწევა და საქართველო ვაქციეთ მიმზიდველ ქვეყნად, უდიდესი შესაძლებლობებით, რომელსაც შეუძლია, წვლილი შეიტანოს ევროპის უკეთესი მომავლის ფორმირებაში.

თუმცა, გაფართოების მოლაპარაკებების დაწყების დაგვიანებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის პროგრესს და გამოყენებული იყოს, როგორც დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი, როგორც ეს მოხდა ორი წლის წინ, როდესაც საქართველოს უარი ეთქვა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, დაუსაბუთებულ აღქმების საფუძველზე, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გაძლიერება არის ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებასა, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს პროგრესი და მიღწევები და გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს გაჭიანურების გარეშე.

და ბოლოს, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ევროკომისარ ვარჰეის, ამ ურთულეს და ისტორიულ მომენტში განხორციელებული საქმიანობისთვის. უახლოეს მომავალში მოხდება ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელობის დამტკიცება და მის საქმიანობას ექნება ისტორიული მნიშვნელობა ევროპის მომავლისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები