“ერეკლე მეფის ძეგლის დადგმაზე პრემიერის გადაწყვეტილებას ვინც აკრიტიკებს, ებრძვის ყველაფერს ეროვნულს” – მათიკაშვილი
“ერეკლე მეფის ძეგლის დადგმაზე პრემიერის გადაწყვეტილებას ვინც აკრიტიკებს, ებრძვის ყველაფერს ეროვნულს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ანტიეროვნული და ანტიქართული ძალების ადგილი საქართველოს პოლიტიკაში აღარ არის.
“ერეკლე მეფე გახლავთ უდიდესი ქართველი მონარქი, მეფე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა და ქართველი ხალხი გადარჩენილიყო, ქვეყანა გამთლიანებულიყო. მას უდიდეს პატივს სცემდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იმ პირებმა, რომლებიც ერეკლე მეფის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, ყველაფერი გააკეთეს, რათა ქვეყანა დაღუპულიყო, საქართველო კოლაფსში შესულიყო, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულიყო და საკუთარი ღალატით საქართველო წაეყვანათ უფსკრულისკენ. ისინი ებრძვიან ყველაფერს ეროვნულს. ვერ იტანენ ვერაფერს და ვერავის, ვინც ქვეყნის ეროვნული განვითარების, წარსულის, ტრადიციისა და სარწმუნოების დაცვაზე იყო თავგანწირული, სამშობლოს თავი შესწირა. დამერწმუნეთ, ერეკლე მეფის ნაცვლად, სხვა ნებისმიერი მეფის ძეგლის დადგმაზე რომ ყოფილიყო საუბარი, რეაქცია იგივე იქნებოდა, რადგან საქმე გვაქვს ანტიეროვნულ და ანტიქართულ ძალებთან, რომელთა ადგილი საქართველოს პოლიტიკაში აღარ არის“, – აცხადებს მათიკაშვილი.